აუდიტური შემოწმებების როლი საბუღალტრო ანგარიშგების უტყუარობის უზრუნველყოფაში

=======================================================================================================

თავისი განვითარების პერიოდში აუდიტმა, როგორც ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ელემენტმა, განვითარების რამდენიმე ხარისხობრივი ეტაპი განვლო. ისევე, როგორც მმართველობითი საქმიანობის ნებისმიერი სახე, აუდიტიც რეალურად ასრულებს ეკონომიკური გარემოს მიერმოთხოვნილ ფუნქციებს. ამიტომ ყოველი განვლილი ეტაპი შეესაბამებოდა ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების გარკვეულ დონეს.

თანამედროვე გაგებით აუდიტის ფორმირება დაიწყო ინგლისში XIX საუკუნის შუა წლებში საბაზრო ურთიერთობების განვითარების პერიოდში. კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას თან ახლდა კომპანიების მასობრივი გაკოტრება, რომლის ძირითადი მიზეზი იყო არა ობიექტური ეკონომიკური მიზეზები, არამედ მმართველი კომპანიების არაკეთილსინდისიერება და არაგონივრული ქმედებები. შესაბამისად, გაკოტრებულ აქციონერებს გაუჩნდათ დაცვის მოთხოვნილება, ხოლო პოტენციურ ინვესტორებს და არსებულ აქციონერებს - მათ კომპანიებში საქმეების მდგომარეობის შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება. XIX საუკუნის შუა წლებში შოტლანდიის გამოჩენილ ბუღალტერთა ჯგუფმა შექმნა პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანი იყო მათთვის წარმოდგენილი ნებისმიერი საბუღალტრო ანგარიშების შემოწმება. აუდიტის ამოცანა კომპანიების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დეტალურ შემოწმებაში მდგომარეობდა. განსაკუთრებულ დაინტერესებას აუდიტური საქმიანობის შედეგებში ავლენდნენ მესაკუთრეები, რომელთათვის არაკეთილსინდისიერი მმართველების გამო კაპიტალის დაკარგვის მაღალი ალბათობა არსებობდა.

1844 წლიდან ინგლისში გამოიცა რიგი კანონებისა, რომლებიც ითვალისწინებდნენ საბუღალტრო ანგარიშებისა და აქციონერთა წინაშე წარდგენილი ანგარიშების შემოწმებას დამოუკიდებელი ბუღალტრების მიერ. შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიღეს კანონი სავალდებულო აუდიტის შესახებ, მაგალითად, საფრანგეთში 1867 წელს, აშშ-ში 1937 წელს.

აუდიტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მის შდეგებში დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ მესაკუთრეები და ინვესტორები, არამედ თვითონ ეკონომიკური სუბიექტებიც, რომელთა ნორმალური განვითარება ხშირად შეუძლებელია ინვესტორების, სპონსორებისა და კრედიტორების მოზიდვის გარეშე. ფინანსური დაბანდებების მოსაზიდად ეკონომიკური სუბიექტი უნდა იყოს წარმატებული, ხოლო მისმა ფინანსურმა (საბუღალტრო) ანგარიშგებამ პოტენციური ინვესტორებისა და კრედიტორების ნდობა უნდა დაიმსახუროს.

საბუღალტრო ანგარიშგების მომხმარებლები ენდობიან კვალიფიცირებულ აუდიტორს, მის კომპეტენტურობასა და ობიექტურობას. აუდიტორის დასკვნა არის იმ მონაცემთა უტყუარობის გარანტი, რომლებიც შესულია მის ანგარიშში. აუდიტური დასკვნა უნდა აძლევდეს პასუხს მომხმარებლებს შემდეგ კითხვებზე: იძლევა თუ არა ანგარიშგება ნამდვილ და ობიექტურ წარმოდგენას ფინანსურ მდგომარეობასა და ფინანსურ შედეგებზე, შედგენილია თუ არა ანგარიშგება საბუღალტრო აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების შესაბამისად? თუმცა საკმარისი არ არის ანგარიშგების შემოწმება მხოლოდ მის შესაბამისობაზე ნორმატიულ დოკუმენტებთან, რომლებიც არეგულირებენ საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვისა და ანგარიშგების მომზადების წესებს. აუცილებელია აგრეთვე დადგინდეს, უზრუნველყოფენ თუ არა საბუღალტრო აღრიცხვის ასახვის მეთოდები მოცემული ორგანიზაციისთვის საბუღალტრო ანგარიშგებაში მათი ასახვის უტყუარობას.

შემოწმების მსვლელობაში აუდიტორი ვალდებულია დაადგინოს ორგანიზაციის მიერ არჩეული საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვის მეთოდები, რომელიც ზეგავლენას ახდენს საბუღალტრო ანგარიშგების უტყუარობაზე.

იმისათვის, რომ საბუღალტრო ანგარიშგების მომხმარებლებს ჰქონდეთ საკმაოდ უტყუარი ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, აუცილებელია, პირველ რიგში, საბუღალტრო აღრიცხვის ეროვნული სტანდარტების და, მეორე რიგში, საბუღალტრო ანგარიშგების უტყუარობის აუდიტური შემოწმებების ჩატარების მეთოდიკის სრულყოფა. ქვეყანაში აუდიტური საქმიანობის განვითარებისა და რეგულირებისთვის აუცილებელია აუდიტის მეთოდიკის, აუდიტური სტანდარტებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების სრულყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას უფლებამოსილებების მკაფიო განაწილება, აუდიტური საქმიანობის მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რაც საერთაშორისო გამოცდილების ყოველმხრივ შესწავლას მოითხოვს.

=======================================================================================================

აუდიტი არის აუდიტორული ფირმების მიერ განხორციელებული შემოწმება სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრის, სამეურნეო საფინანსო საქმიანობის და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საქართველოს კანონი “აუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 2)
=======================================================================================================